კვანჭილაშვილი ელენე მალხაზის ასული
კვანჭილაშვილი ელენე მალხაზის ასული

კვანჭილაშვილი ელენე მალხაზის ასული (1.XII.1980, თბილისი), ფსიქოლ. დოქტორი, თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტის ბაკალავრიატი (2002) და მაგისტრატურა (2004), საქართვ. საზ. საქმეთა ინ-ტის (GIPA) ინგლისურენოვანი მაგისტრატურა (2003). მიენიჭა ფსიქოლ. დოქტორის აკად. ხარისხი თსუ-ში (2009). დაიცვა დისერტაცია თემაზე „ნაციონალიზმის სოციალურ ფსიქოლოგიური საფუძვლები“. პედ. საქმიანობას ეწევა თსუ-ში (2004-დან), სადაც თავდაპირველად ეკავა ასისტენტ-პროფესორის პოზიცია, ხოლო მოგვიანებით - ასოცირებული პროფესორის (2019 -დან). მისი სალექციო კურსები მოიცავს სოც., (კროს)-კულტურულ ფსიქოლოგიას, მასობრივ კომუნიკაციას, პოლიტ. კომუნიკაციას, პოლიტ. ფსიქოლოგიას, რ-იც მისი საავტორო საგანია და ხელმისაწვდომია თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის როგორც  საბაკალავრო, ისე სამაგისტრო სწავლების საფეხურზე. არის თსუ-ის სამაგისტრო პროგრამის „გავლენები და კომუნიკაცია“ თანადამფუძნებელი. კ. ე.-ს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშ. სასწ. პროგრამასა და სტაჟირებაში. როგორც კარნეგის სტიპენდიანტმა, კვლევითი და აკად. სტაჟირება გაიარა კალიფორნიის (ბერკლი) და სტენფორდის უნ-ტებში (აშშ) (2011), სადაც შესაძლებლობა ჰქონდა მოემზადებინა სილაბუსები „პოლიტიკური ფსიქოლოგია, ნაციონალიზმი და ეთნიკური კონფლიქტები“. მოიპოვა პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (2007-2008). სამეცნ. მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე იკვლევდა ნაციონალიზმის სოც.-ფსიქოლ. ასპექტებს სამხრ. კავკასიაში, ამ მიმართულებით, ის არის რამდენიმე ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: „ნაციონალიზმის სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტების კვლევა სამხრეთ კავკასიაში“ (წიგნის სახელოსნო, 2008); „ნაციონალიზმის პიროვნული და ჯგუფური მახასიათებლები“ (სამეცნ. ჟურნ. „ინტელექტი“, 2006). მოგვიანებით მისი ინტერესის სფერო იდენტობის, გეოპოლიტიკური ვექტორებისა და პოლიტ. კომუნიკაციაში შიშის ფაქტორების შესწავლა გახდა, თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. სტატიები: Identity and Geopolitical Vector of Georgia (Social Values and Identities in the Black Sea Region, Lexington Press, 2023); Georgia’s Political Identity & Middle Corridor  (InPact, 2024); Middle Corridor Perspective: What does Georgia’s Political Identity Change?  (Psychology Applications & Developments X (Chapter 27), 2024); Fear in Political Communication: Emphasis on Fear of Unknown (InPact, 2025). კ. ე. აქტიურია მედიისა და ფსიქოლ. გადაკვეთის სფეროში. იგი პარალელურად ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას; არის მედიაჰოლდინგ BMG-ის ჟურნალისტი და საავტორო გადაცემა „ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად“  წამყვანი (2014-დან). არის საქართვ. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ანალიტიკოსი; ეკონ. პოლიტ. კვლევის ცენტრის (EPRC) პოლიტიკის დოკუმენტების ავტორი და კომუნიკაციის სფეროს პერსონალური ტრენერი. მიღებული აქვს აშშ-ის პრეზიდენტის, ბილ კლინტონის, მადლობის წერილი (1997).